დრო, რომელიც არ კვდება

პარასკევ ღამიდან მოყოლებული ამ წამამდე წვიმს. იქამდე იწვიმა, სანამ ყველაფერს მიწის და წვიმის სურნელი არ აუვიდა. ახლა ქარმა დაუბერა და ალბათ ამაღამ ღრუბლებს წარეკავს სხვა ქალაქებისკენ, მერე იქ ჩამოფერთხავს და ასე, დაუსრულებლად, დედამიწა ნოტიო ჰაერით, ჭრელი ქოლგებით და ფანჯრის რაფებზე შემოდგმული ჩაის ჭიქებით გაივსება.

მე ისევ იმ პატარა ქალაქში ვცხოვრობ, სადაც მზე ურცხვად იქნევს კაბის კალთას და გეგონება შიგნით მოგროვილ წვიმას ისე იფერთხავს, როგორც ჩვენთან, სოფელში ჩამოიფერთხავენ ხოლმე ქალები კაბის კალთებს.
ისევ  ჩემს პატარა ოთახში ვზივარ და ზურგს უკან ისევ ისე გულის მომაყირჭებლად ისმის ჟოლოფის ხმა.
ვცდილობ წავიკითხო, ვხსნი ელექტრო წიგნის გვერდს და ვხურავ, მერე ისევ თავიდან.
მეხუთე ჭიქა ჩაის გასაკეთებლად ადგომა მეზარება და ბოლოს აბურდული ძაფის გახსნას ვიწყებ _უნდა დავწერო.

მინდა დავწერო უცნაურ შეგრძნებებზე და მათ შეჯახებებზე. გულის ფიცარის ორივე მხრიდან რომ გამოექანებიან და სადღაც შუაში შეასკდებიან ერთმანეთს.
მინდა დავწერო ჩემს უცნაურ ცხოვრებაზე, როცა თითქოს ყველაფერი მაქვს და არაფერი მყოფნის, ან სულ რაღაც მაკლია.
მინდა დავწერო ახალ ადამიანებზე ჩემს ცხოვრებაში, რომლებმაც სულზე მომისწრეს, რომ მარტოობის საშინელ ძალას არ გადაევლო და წიხლით არ ჩავეტენე მიწის ქვეშ.
მადლობა მათ ამისთვის,
თითო ბოთლი ლუდი ჩემზეა, მეგობრებო.

მინდა დავწერო გამხდარ, სიფრიფანა გოგოზე, რომელსაც ისეთივე განსაკუთრებული სახელი ჰქვია, როგორიც თვითონაა.
ალლეგრა ❤ მისი სახელი იტალიურად მხიარულს ნიშნავს და გულიანად რომ იცინის, მართლა მხიარულაა:)

მინდა მოგიყვეთ ჩემს ლამაზ კურსელზე, რომელსაც მწვანე ყელიანი სვიტრი და უკან ნაწნავი ძალიან უხდება, წერისას სათვალე კიდევ უფრო, და რომელიც სიგიჟემდეა შეყვარებული ჩვენი იტალიური ლიტერატურის ლექტორზე.
ლუკრეცია ფლორენციელია, ნამდვილი Fiorentina, ლაპარაკის მანერით და მედიდური სიარულით, დახვეწილი მანერებით და დიდებულ ქალაქში დაბადებული ადამიანის რაღაცნაირი, უცნაური, კეთილი სიამაყით სავსე.

კიდევ მინდა მოგიყვეთ კატერინაზე, ძალიან გამხდარ რომაელ გოგოზე, ბინძური, ისტორიით სავსე შავი კონვერსებით და მანქანის ღვედისგან შეკერილი ჩანთით რომ დადის სიენაში და მთელი გულით იცინის. ისიც მინდა გავიგო, ასეთ პატარა სხეულში, ამხელა სინათლე და ძალა საიდან მოხვდა, ყველას რომ უნაწილებს და თავის სიცილში გკარგავს.
კატერინას შეუძლია რუსულად გითხრათ თავისი სახელი, გვარი, წარმოშობა, დღევანდელი სასიყვარულო და სტუდენტური მდგომარეობა და ქართულად: გაუმარჯოს!
კატერინას უნდა ქართული ისწავლოს და გაკვეთილში 10 ევროს მთავაზობს, მთელ 10 ევროს!:)) ❤
ლუდის ბოთლი დააჭერინეთ ხელში, თქვენს წარმოდგენებში, თორემ მთლიანი აღწერა წყალში ჩამეყრება.

მაღვიძარა რომ არ დარეკავს და ლექციამდე 20 წუთით ადრე გაგეღვიძება, წამოჯდომის მაგივრად პირდაპირ რომ ახტები და დახტები ლოგინიდან, ყავაზე ოცნებაც არ უნდა გაბედო.
არც მე გამიბედავს, უცებ ჩავიცვი და ლექციაზე გავვარდი.
ჰა ჰა! არ დავაგვიანე, ზუსტად მივედი!

ბოლო დღეებში გადამხდარ ამბებზე ფიქრისას, კიდევ ერთხელ დავფიქრდი, რა მიყვარს ყველაზე მეტად, როდის მიცემს გული ყველაზე მეტად, როცა სიტყვა იტალია ხვდება ჩემს გონებაში, თვალებში, რეცეპტორებში და ხელებში.
გამწარებული რომ მიდიხარ და ბარიდან ყავის სურნელი გამოდის.
ყველას, ვისთანაც ერთხელ მაინც გილაპარაკია, ან ხშირად ხვდები ქუჩაში, ესალმები.
გეჩქარება, მაგრამ მაღაზიიდან გამოსულ მოხუცს უღებ კარს და ის ლოყაზე გადებს ხელს და მადლობას გიხდის.
შენი თანატოლები ისე რომ იცინიან, სიგარეტის შეხვევისას ენას ქაღალდს ვერ უმიზნებენ და ასე ქმნიან ახალგაზრდულ-ქაოტურ გარემოს ქუჩაში.
საცხობიდან გამოსული ოხშივარის სურნელიდან საყვარელი ადამიანის სუნამოს სურნელი რომ გეცემა და გამოგაფხიზლებს..

საღამოს ლექციის შემდეგ ბარში რომ შეხვალთ, ტომ ვეითსის ფონზე და დე ანდრეს ფოტოების ქვეშ რომ იქაქანებთ ფრანგულ ახალ ტალღაზე და ერთხმად შეჰყვირებთ: Che beeellloooo! ❤

ზემოთ რომ ვთქვი ისეთი გიჟური ორშაბათ დილის ლექციის შემდეგ ალლეგრა რომ იტყვის, “აქედან ყველანი მივდივართ ჩემთან, ყავაზე”
2017-03-06 11.37.10 1 (1).jpg

შიდა ეზოები, აივნები

2017-03-06 11.39.05 1.jpg

2017-03-06 11.39.53 1.jpg

“ვერ იფიქრებ, ვერ შეიყვარებ თუ კარგად არ ისადილებ:)”

2017-03-06 11.41.35 1.jpg

და ყველაზე გემრიელი ბუყბუყი ძირშემომწვარი მოკიდან ❤
2017-03-06 11.43.21 1.jpg
სად შევუკვეთოთ წიგნები, რომელი წიგნის მაღაზია უფრო იაფია, როდის გამოვა მზე, როდის წავიდეთ ფლორენციაში, როგორ აიხდინა ალლეგრამ ყველაზე დიდი ოცნება და როგორ ისეირნა მთელი პარასკევი-შაბათის ღამე რომში, ახლა როგორ ტკივა ფეხები და როგორ არიგებს ბებია, რომ სოდიანი თბილი წყლის აბაზანები გაიკეთოს:))
როგორ ჩაუჯდა ლუკრეცია იტალიურ საინფორმაციო გვერდს და მოიპოვა ლექტორი სტეფანოს მობილურის, სახლის ნომერი, იმეილი და სახლის მისამართი..
შაბათს იმ ქუჩაზეც მივიდა და საყიდლებიდან დაბრუნებულ სტეფანოს მოჰკრა თვალი, კი, იმ კარში შევიდა!
ერთ ხუთშაბათს აუცილებლად სთხოვს ფლორენციამდე “გაყოლას” და მის პოეზიაზე მოუყვება გზაში:))
ჩვენმა ლექტორმა რამდენიმე წლის წინ წიგნი დაწერა: “Il tempo che non muore” დრო, რომელიც არ კვდება.

ახალი ადამიანები, ახალი ოქროს გასაღებებია სხვა, უცხო და საოცარი სამყაროების კარის გასახსნელად.
როცა თავი ყველაზე მარტოსული და უბედური გგონია, მაშინ მოვლენ და ამოგათრევენ წუმპიდან, ზოგი რომაელი იქნება, ზოგი მექსიკელი და ბაჩატას ცეკვას გასწავლის, ყოველ პარასკევს ივლით საცეკვაოდ და ახალ-ახალ, ცხელ-ცხელ ენერგიებს გაცვლით, ზოგი გკითხავს სოდას ნამცხვრებში რომ ამატებენ ისააო?
ზოგი ფლორენციის დუომოს ქვეშ იქნება გაზრდილი და ვინ იცის, რამდენი ნაყინი ექნება ჩამოწუწული ყვავილებიან კაბაზე..
ალბათ ამ დროების ყველაზე კარგი დასაწყისიც ესაა..

ჰოდა მე მინდა იყოს ეს დრო, რომელიც არ კვდება:)

სიყვარულით 💘
ელენე

Advertisements

Buongiorno, signorinaaaaa!!!

 

ხომ არსებობს ლამაზი ადგილები, საოცნებო, იდუმალი და საოცარი ემოციებით სავსე ადგილები?
ასეთი ადგილია ის ქალაქი, სადაც ახლა ვცხოვრობ.

ისეთი ქალაქია სიენა, ბევრს რომ ვერ გადაეყრები და ბევრი რომ ვერ დაგიტოვებს ასეთ შეგრძნებებს.
ლამაზიცაა, უნიკალურიც, წითელიც, ძველიც, ისტორიულიც, უცნაურიც, ჩაკეტილიც, განსხვავებულიც და სხვა მრავალი.
შეუძლებელია პიაცა დელ კამპოზე დადგა ფეხი და წამიერად არ დამუნჯდე, სუნთქვა არ შეგეკრას და შემდეგ ისე არ გაუთამამდე, როგორც ყველა აქ ჩამომსვლელი, უდარდელად რომ გაერთხმებიან მზის ქვეშ, სძინავთ, ჭამენ, უყვართ, იცინიან, ისვენებენ, კითხულობენ, მუსიკას უსმენენ, იღებენ და რას აღარ შვებიან.

2017-05-2--23-23-54.jpeg

wp-image-145681632jpg.jpg

16521932_1400598529970814_421069172_n.jpg

დილით ძალიან ადრე რომ დავეშვები დაღმართზე, რომელსაც დელ კამპოზე გავყავარ და ნაგვის მანქანების გარდა, ერთი-ორი კაცი თუ მიდი-მოდის, იქვე ბარში შევდივარ და ჩემ ბარისტას მთელი გულით ვესალმები.
ამასწინად ძალიან მაგარ რაღაცას გადავაწყდი: Ensure that your barista is drawing more customers in to your cafe with some fantastically made coffee and not driving them away with poorly made coffee that tastes like old football socks in boiled water.

barista-training-2-655x435.jpg

მიყვარს ეს რიტუალები.
უშაქრო ესპრესო და ნუტელიანი კრუასანი, მთელ ქალაქში ნისლივით ჩამოწოლილი შეუმჩნეველი მაგრამ საოცრად საგრძნობი ყავის სურნელი, სწრაფ-სწრაფად ამოყვანილი კაპუჩინოს ქაფის ჭიქაში ჩაღვრის ჯადოსნური მომენტი, მობუზული მტრედების ღუღუნი და რკინის დარაბების ხმაური.
დილის მისალმებები, გამოუძინებელი სახეები და ერთი მთლიანობა – ყავა.

wp-1486333723409.png

“Buongiorno Signorinaaaaaaa” – თამბაქოს გამყიდველი რომ მომაძახებს (სულ ამ კაცისგან ვყიდულობ ავტობუსის ბილეთებს)
ყოველ თხუთმეტ წუთში დარეკილი ზარების ხმა, პირველი საათის მოახლოებასთან ერთად სადილის და სახლის გემრიელი სურნელი რომ ტრიალებს ჰაერში და შენც გინდა შენს სახლში, თუნდაც ძალიან პატარა, ვიწრო სამზარეულოში იდგე და გემრიელ სადილს ამზადებდე. გინდა ეს დრო ჩავლილი იყოს, რომელზეც ყველა გეუბნებოდა, რომ სასწაული და ძალიან მაგარი იქნებოდა, მაგრამ ჩვეულებრივია, გინდა სხვა ემოციებით ელოდებოდე საათების ცვლას და გათენებ-დაღამებას.
ალბათ ადამიანს ის უნდა, რაც არ აქვს, ისევე, როგორც იქ ყოფნა, სადაც არ არის.

სულ ვუსმენ უცხო ადამიანების დიალოგებს, მინდა არ მინდა მაინც მესმინება და ვცდილობ, რამე ახალი და ძალიან კარგი გავიგო ხოლმე. აქ ეს ჩემს მთავარ ჩვევად ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით მაშინ ვარ გაფაციცებული, ყურსასმენები სახლში თუ დამრჩა.
ვცდილობ დავჯდე და გონებაში ჩამოვწერო, გაზეთის სათაურებში ამოვიკითხო, ამბები ერთმანეთს დავუკავშირო და ძალიან მაგარ კითხვას გავცე პასუხი: რა მინდა?

ერთი ვიცი, ბევრი მოგზაურობა მინდა. ამ ქალაქიდან სხვაგან გადასვლა და სხვა ქუჩებში სიარული ჭიქა კაპუჩინოთი და ფოტოაპარატით.
სხვა ფანჯრები, სხვა ჰაერი, სხვა ადამიანები, ბევრი ადამიანი.. სხვა ვალდებულებები,
სხვა სივრცე, სივრცე, სივრცე..
აუცილებელი არაა ეს სურვილი გაიგოთ და გაითავისოთ.
ამისთვის საჭიროა ჩემს კანში შემოძვრეთ და ჩემი შეგრძნებებით იცხოვროთ და რამეთუ ეს შეუძლებელია, ვერ მიხვდებით რას შეიძლება ვუწუნებდე აქაურობას..
“თუ გინდა დახატო ბამბუკი, ჯერ თავად უნდა გახდე ბამბუკი, შემდეგ დაივიწყო, რომ ბამბუკი იყავი და ხელახლა დახატო იგი. ”

ეს პოსტი ახალ აღმოჩენებს და ძველი აღმოჩენების დიდ პატივისცემას ეძღვნება:)
ხვალ ბოლონიაში მივდივარ, ახლა ჩემს პატარა ჩემოდანს ჩამოვიღებ და კარადის თავიდან, ჩავალაგებ და მერე მშვიდად დავიძინებ, გზაში საფიქრელად ისედაც ბევრი დრო მექნება.

16558785_1400598409970826_1482623212_n.jpg

 

3 თებერვლის ერთ წლიანი სევდა

​გახსოვს, ერთხელ სიცხე რომ მქონდა იმდენად მაღალი, მაცივარში შენახული კივის იოგურტის არსებობაც რომ დამავიწყდა? მერე ვადა გაუვიდა და გადავყარეთ.

შენ იცოდი, კივი რომ ძალიან მიყვარდა და სულ ყიდულობდი, გამითლიდი და მეც სასის დასერვამდე ვჭამდი. ხილის სიგიჟემდე სიყვარული ჩვენთან არავის უკვირს.

დღესაც იმდენი კივი და ფორთოხალი ვჭამე მეცადინეობისას,

სულ შენზე ვფიქრობდი.

შარშანწინ, 11 ოქტომბერს გნახე, მეორე დღეს მივფრინავდი, არ იცოდი რა გეთქვა, რა გეკითხა, სულ რაღაცნაირ კითხვებს მისვამდი ხოლმე და რომ მკითხე, როდის დაბრუნდებიო, მეც პაუზა გავაკეთე უნებურად.

-არ ვიცი, ან სამ თვეში, ან უფრო მერე. 

-არ გინდა ხომ, უკან ჩამოსვლა?

-ჯერ არ წავსულვარ, ალბათ არ მენდომება, რავიცი აბა. 
მერე გოგოებმა დამირეკეს და უნდა გავიდე-მეთქი, წამოვდექი. 

რაც ყველაზე ცუდად და მწარედ მახსოვს ისაა, რომ მითხარი:

-არ ვიცი, ბებია, შენ რომ ჩამოხვალ, თუ დაგხვდი ცოცხალი..

ზოგადად ვერ ვიტან ასეთ ლაპარაკს, კარგი რა-მეთქი და გადაგეხვიე. 

სამ თვეში ჩამოვედი.

ცისფერი ხალათით და პირბადით შემოვედი შენს პალატაში და რამდენიმე წამი იმ აპარატის წკაპუნს დავუგდე ყური, შენც რიტმულად სუნთქავდი და სადღაც უკან ექაჩებოდი ჩემს ბავშვობას, სადღაც მიგქონდა და აღარ აპირებდი უკან დაბრუნებას. 

ოდნავ შეგაღვიძეს, ძლივს აწიე ქუთუთოები და შენი ჭრელი, ყვითელ წინწკლებიანი თვალების უსიცოცხლო ამოხედვამ, ძალაუნებურად ჩამომაშვებინა ხელები. ვიცოდი, ვერ გამოგგლეჯდი ხელიდან იმ დროებს და ვერც შენს თავს გამოვგლეჯდი სამყაროს კანონზომიერებას, რომელიც ერთი დიდი აბსურდია მე თუ მკითხავ. 

მერე ვეღარ გავუძელი და პალატიდან გავვარდი. კისერში ჩასული ცრემლები უკან ვეღარ დავაბრუნე, პირბადე ჩამოვიგლიჯე და გულში სიმწარე ვიგრძენი.

იცი, ეს ყველაზე რთული მომენტია. უყურებდე ადამიანს ცოცხალს და იცოდე, რომ ეს არც სიცოცხლეა, არც სიკვდილი, არც არსებობა, არც არ არსებობა და ასე სადღაც სამყაროებს შორის გაჩხერილს ვერაფრით ეხმარებოდე. 

რაღაც ამბების მოყოლა რომ გიყვარდა და შენთვითონ ყველაზე მეტს იცინოდი, ამას ვიხსენებ ხოლმე. ყველაზე გემრიელ საჭმელს აკეთებდი, არასდროს არაფერი აკლდა და არც არაფერი იყო ზედმეტი. სულ ვცდილობ ეს ოქროს კვეთი დავიჭირო, არ ვიცი გამომდის თუ არა.

ჩვეულებრივი ბებიური ბებია იყავი მაშინ, რომ დამინახავდი და სანამ სახლიდან გავიდოდი, ერთი ხუთჯერ მაინც რომ მაჭმევდი, ჩურჩხელას და თხილს გამოაჩენდი და მიყურებდი ბედნიერი.

ბოლოს საერთოდ ვეღარ ვიცლიდი, იშვიათად მოვდიოდი, რომ მირეკავდი ზოგჯერ ვერ გპასუხობდი და ალბათ გწყინდა. 

გახსოვს, რომ მეუბნებოდი, არ დალიო ბებია შენ-ო და ერთხელ დიმში დათრობის ისტორიას რომ მიყვებოდი მეათასედ? დედაჩემი მეუბნება ხოლმე, შენ ბებიაშენს ჰგავხარ სახის კანით და ახლა კი არაფერი გეტყობა, მაგრამ თუ ბევრს მოწევ, მალე დანაოჭდებიო. 

“ბებია, პაპიროზი არ მოწიო ოღონდ შენ”

შენ არ ეწეოდი. 

შენ გგონია არ ვფიქრობ ხოლმე შენზე? ნუ გგონია, რა.. სულ მახსოვხარ, უბრალოდ ძალიან მწყინს, ბოლოს რაც მითხარი, დიდის ამბით რომ შემისრულე.

რა მოხდებოდა, რომ ყოფილიყავი, დაგერეკა ხოლმე, მოგეყოლა ძველი ამბები მემილიონედ და თუნდაც ასე სკამზე დამჯდარს, გაგეკეთებინა გემრიელი საჭმელი, ვეღარ მოგეზომა მარილი, მაგრამ არ შევიმჩნევდით, მთავარია შენი გაკეთებული იქნებოდა. 

უცნაური იყავი ისე, უცებ ისე გაგულისდებოდი რაღაცაზე და ისე მარტივად მოგილბებოდა გული, სულ მეგონა, მეხუმრებოდი. 

შენ რომ არა, არ იარსებებდა მამაჩემი და ალბათ, არც მე. ეს ჯაჭვები და ხლართები ძალიან უცნაური რამეა და შორს მივყავართ, იმაზე შორს, ვიდრე ახლა ხარ. ისე, სად ხარ?

მოკლედ იმდენი ვილაპარაკე, ვერც თავს გაიგებს კაცი და ვერც ბოლოს. მინდოდა მეთქვა, ვცდილობ არ ვიყო შენზე გაბრაზებული-მეთქი. რა ვქნა, მინდოდა ყოფილიყავი და თან გეტარებინა ის დროებიც, გეკითხა გაზეთები და დაგერეკა ხოლმე, შეიძლებოდა ვერ მეპასუხა, მაგრამ გადმოგირეკავდი..

რომ ჩამოვალ, აუცილებლად მოგიტან შენს საყვარელ ნარცისებს და ვეცდები შენს სახელზე გემრიელი ეკლერები გამოვაცხო. გახსოვს როგორ მიყვარდა? ოღონდ ცოტა დამეხმარე.

მენატრები და გთხოვ, შენც იფიქრე ხოლმე ჩემზე.

ყოველ სამ თებერვალს თითო წლით მეტი გავა და ოდესმე ყველანი სხვა სამყაროს ბინადრები გავხდებით. 

მანამდე მომიყევი ხოლმე შენი ამბები, მთელი გულით მოგისმენ.

გკოცნი, ბე.

შენი ელენე

ერთი წლის წინ და შემდეგ

​​არ ვიცი რას ველოდი მეილზე დასტური რომ მომივიდა რეჯო-ემილიას ყველაზე დიდი არქივ-მუზეუმიდან. ალბათ იმას ველოდი, რაც იმ კედლებში დამხვდა, ანმეტს, ანდაც ნაკლებს. ზუსტად მახსოვს ის შეგრძნება, 2 ნომერი ავტობუსი წარწერით “San Pollo”მეორე ზონაში რომ გადავიდა და გზას დაადგა. მუზეუმი შორს იყო,ჩემი სახლიდან თითქმის ნახევარი ქალაქის მოშორებით. ავტობუსიდან რომ ჩამოვედი გზასდავადექი. ზუსტად 8 წუთის სავალი იყო ფეხით, მუზეუმის კარამდე. ირგვლივ დიდი ტერიტორია,რომელიც გაზაფხულზე საოცარ მწვანეს იღებს, ზამთარში კი რძისფერ ნისლში ეხვევა სრულიად უიმედოდ და გაურკვეველი დროით. 

 

პარმაში გატარებული სამი თვე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ბევრი ახალი და კარგი მეგობრით დაწყებული, ძალიან დიდი გამოცდილებით დამთავრებული და სხვა მრავალი. 

კსაკ-ში ერთ პროექტზე ვმუშაობდი, გრაფიკოსი პინო ტოვალიას უდიდესი არქივის კატალოგიზაციას ვაკეთებდით მე და მარტა სირონი, ის მარტა, ადრე პოსტი რომ დავწერე.. 

მუზეუმში მყავდა უფროსი მეგობარი, სიმონა, არმანის პიჯაკით, ლამაზი ჭრელი შარფით და საოცარი სუნამოთი დამშვენებული აწ და მარადისJ)
მუზეუმში მყავდა ორი მეგობარი, ბრიჯიტა და გურკანი, სულ ერთად მიდი-მოდიოდნენ, ერთად გავდიოდით ლანჩზე, ვსვამდით ყავას, სლაიდებისთვის ერთმანეთს ვასწრებდით ლაურასთან არბენას და მერე ერთად მოვდიოდით დაღლილები. ამ შემოდგომაზე ბრიჯიტას შევხვდი ბოლონიაში, დუე ტორთან უდარდელად ვსვამდით შარდონეს. ბოლონიის უნივერსიტეტში ჩააბარა მაგისტრატურაზე, ნამდვილი სტუდენტივით ველოსიპედით გამომიარა და გავუყევით სექტემბრის ახლადჩასული მზით დამთბარ პორტიკებს. ჩემი საყვარელი ქალაქი, ჩემი ბოლონია..
მუზეუმში იყო ბევრი მტვერი, ბევრი ნახატი, ბევრი ინფორმაცია, ძველი, ძალიან ძველი, ბევრი კარგი ემოცია.

მუზეუმში იყავი შენც. 

პირველ თათბირს რომ დავესწარი, სადაც კსაკ-ის პრეზიდენტმა, სიმონამ და მარტამ ერთხმად გადაწყვიტეს, რომ იანვრის ბოლომდე, სანამ მე იქ ვიმუშავებდი პინო ტოვალიას პროექტი უნდა დამთავრებულიყო, შენ ოთახის კუთხეში, ფურცლებში და ფოტოებში ჩარგული იჯექი და შიგადაშიგ იყურებოდი ჩვენკენ. არ ვიცი მეჩვენებოდა თუ არა, მაგრამ შენი მალინისფერი აიპოდიდან ყურსასმენების გავლით, ძალიან, ძალიან მაგარი მელოდია ფეთქავდა.
გიყურებდი ხოლმე, როგორ უკვეთავდი სადილზე ერთ ჭიქა წითელ ღვინოს და როგორ სვამდი ბოლო ყლუპს, თან თითებით სიგარეტს სრესდი. შენი ლამაზი სანთებელა ყოველთვის პალტოს მარჯვენა ჯიბეში გეგულებოდა. ალბათ ახლაც ასეა.

თუ დერეფნის საცავში მქონდა სამუშაო, ვიჯექი ხოლმე ჩემთვის საწერ მაგიდასთან, ძლივს ვიქცევდი ხელთათმნიან თითებში კალამს და ვწერდი ბიბლიოგრაფიას, ვშლიდი იტალიური სარეკლამო გრაფიკის პირველ ფერად გამოცემებს და სადღაც დროის ინტერვალებში შენც მოდიოდი, ისევ იმ ნაბიჯებით, ისევ იმ სუნთქვის იმ წყობით. 

 უცნაურად მრჩებიან ხოლმე ადამიანები გონებაში. უცნაურად მამახსოვრდება და არ ამომდის გონებიდან კადრები, როგორ აწვალებენ ადამიანები თითებს, როგორ უყურებენ მიმტანს კერძის მოტანისას, როგორ ცვლიან მუსიკას, როგორ ეწევიან, როგორ იბანენ ხელებს და როგორ ხვდებიან ფანჯრიდან შემოსულ სუსხს მათი გაღებისას. 
 უსასრულოდ შემიძლია ვწერო ამ იდუმალებაზე. ქიმიაზე, მეხსიერებაზე, შენი თმის დაბოლოების წვალების მანერაზე, დილის ყავის გადაკვრაზე და სამუშაო მაგიდის არეულობაზე. 

ბევრი შემიძლია ვწერო და უფრო მეტად მომენატროს ის აგურის უზარმაზარი შენობა, სადაც დღემდე მთელ დღეს ატარებ. სადაც ძალიან ბევრს ვმუშაობდი და დღეში ორჯერ მივდი-მოვდიოდი იმ ხრეშიან გზაზე, ასე რომ ხმაურობს. სადაც მე და ჩემი ორი მეგობარი ვსადილობდით და სიცილით ვკვდებოდით, სადაც გურკანმა თურმე ბრიჯიტას აკოცა. (ეს სამი თვის წინ გავიგე, ჭურში ვიჯექი:)) ბევრი რამ მოხდა იმ სამ თვეში, იმ შენობაში, იმ დერეფნებში. 
 ბოლო დღეს რომ მოვდიოდი, მეტირებოდა. მინდოდა გავცდენოდი კვიპაროსების წყებას და მერე მთელი ხმით მეტირა, თან ისე ციოდა. 

გურკანი და ბრიჯიტა სახლებში დაბრუნდნენ და იმ საღამოს მარტო მოვდიოდი. ახლაც მახსოვს, ცალი ყურსასმენი მეკეთა და ჩქარი ნაბიჯების ხმა გავიგონე შორიდან. 

გულამოვარდნილი მომიახლოვდი.  მუსიკა კი არა, სიტყვათა წყობაც კი მახსოვს. 

–გავიგე, შენი ბოლო დღე იყო დღეს. სახლში ბრუნდები? კეთილი მგზავრობა. ყველაფერს ძალიან კარგს გისურვებ, რაც არ უნდა გააკეთო, მჯერა ძალიან მაგრად გამოგივა. ეს მინდოდა მეთქვა.

მომაყარე და ჩვეულად ორჯერ გადამკოცნე. 

მერე ცოტა რამე არ მახსოვს, მაგრამ წარმომიდგენია..
ვზივარ ახლა საერთოდ სხვა რეგიონში, სხვა ქალაქში, სხვა ოთახში და ვცდილობ ხაზი არ დავკარგო, მივხვდე, რატომ მომინდა ახლა ამის დაწერა, შენზე დაწერა, კსაკის გახსენება.. 
შობა მოდის.
მე და შენ ძალიან გვიყვარს შობა. 

ძალიან, ძალიან ბედნიერი იყავი და არასდროს შეწყვიტო თმის ბოლოების წვალება, ისე გიხდება.. 

ამარკორდი

გადავწყვიტე ახალი ამბები მოგიყვე. 

 არასდროს მიცხოვრია ისეთი მჩქეფარე და ამაღელვებელი ცხოვრებით, ქვეყნების, ქალაქების, სახლების და ლოგინების შეცვლას რომ შეჩვეული ვიყო და უამისოდ ვერ ვძლებდე. 

ჩემი ცხოვრება ერთ პატარა ქალაქში დაიწყო, რომელიც სულ უფრო მეტად მიყვარდება და განსაკუთრებით მაშინ მეწურება გული, როცა ძალიან შორს ვარ, იმდენად შორს, რომ კილომეტრების დათვლას აზრი აღარ აქვს. 

ვინც იმ ქალაქში ნამყოფია და საკუთარი მაგიები აქვს ნაპოვნი პატარა ქუჩების კუთხეებში, მიხვდება, რაზეც ვლაპარაკობ. 
პატარა რომ ვიყავი თბილისში ჩვენი სახლის ადგილმდებარეობა არ მომწონდა. სულ მიკვირდა იმ ადამიანების, ჩვენს აივანზე რომ გავიდოდნენ და აღფრთოვანებულებს აღმოხდებოდათ:

-აუ, ფიროსმანი, რა მაგარ ადგილას დასახლებულხარ. 
რატომღაც არ მიზიდავდა მთები ჩემი ფანჯრებიდან და არც გაზაფხულზე გალობით დაღლილ ბულბულებს ვაქცევდი დიდ ყურადღებას. 

მერე დრო გავიდა და ის ჩემი სახლი გახდა, ისეთი სახლი, სულ რომ ათასი გამოვიცვალო, ისეთი რომ არც ერთი იქნება. 

ის მონაკვეთი, სანაპიროდან რომ გამოუყვები და უცებ ამოყოფ თავს ძველ თბილისში, ჩაივლი აბანოებთან, ხეივანთან და აუხვევ ჩვენს ცოტა არ იყოს უსახურ ქუჩაზე, ზედმეტადაც კი შემიყვარდა. 
და მაინც, არასდროს ყოფილა ჩემი ცხოვრება ისეთი მრავალფეროვანი, ერთ ადგილას მოსვენება რომ გამჭირვებოდა და სულ ახალი ადგილები მეძებნა. 

ზუსტად არ ვიცი რა ხდება ადამიანების ცხოვრებაში, გონებაში და ორგანიზმში ასაკის მატებასთან და თითოეულ ახლად გათენებულ დღესთან ერთად, მაგრამ სახლიდან წამოსვლით და უცხო ადგილას დასახლებით საერთოდ თავდაყირა დავაყენე ეს ჩემი საათივით აწყობილი ცხოვრება. 
ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რას ვაკეთებ, რა მინდა, რა მინდოდა. ზოგჯერ საწყის წერტილს ვკარგავ და საერთოდ არ მინდა ვიფიქრო სურვილებზე. 

დღეს აქ დასვენებაა, თითქმის მთელი კვირაა უნივერსიტეტში არ მივსულვარ. მე ხომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, კალენდარზე წითელი ციფრის დანახვისას გული რომ გამალებით უცემთ და ეგრევე იმაზე ფიქრს იწყებენ, ისტორიულ ძეგლებს შორის მოქცეულ რომელ პაბში გაატარონ საღამო, იცინონ, იყვირონ, იქაქანონ და დაღლილები დაუყვნენ მოკირწყლულ ქუჩებს. 

გვიან გამეღვიძა, ისე მტკიოდა თავი,  ნახევარი ტაბლეტი წამლის დალევაც კი ვიკადრე. პიჟამოთი და კაპუიშონიანი სპორტული ზედით საწერ მაგიდას მივუჯექი, ყავა, ბლოკნოტი, ლეპტოპი და ფურცლები მოვიმარაგე. თვე ნახევარში გამოცდები მაქვს და ვზივარ ასე, ხან ვმეცადინეობ, ხან ვწერ, ხან უცებ რამეს მოვძებნი და თავით ვეშვები ათასნაირი ინფორმაციის ოკეანეში.
ვცდილობ ჩემს მომავალზე ჩვეულებრივზე მეტი ვიფიქრო და ისევ იმ წერტილის ძებნას ვიწყებ. ვფიქრობ, როგორ მინდა რომელიმე ევროპული ქალაქის გალერეაში მუშაობა, რამე საინტერესო ჟურნალშიც ვიმუშავებდი და ბევრს დავწერდი. ვფიქრობ, როგორ მინდა ჩემი ადგილი ვიპოვო, სადაც ჩემი პატარა საწერი მაგიდა მექნება და ათასი საინტერესო და უინტერესო ამბით სავსე ფურცლები დახვავებული. ვფიქრობ, როგორ მინდა ყველაფერი ისე შეიცვალოს, რომ ეჭვებშეპარული განწყობები სადღაც უკან დარჩეს, ძალიან შორს. 
დიდი ხანია წერილები აღარ დამიწერია. თვეებია უმისამართო წერილების ციკლის რუბრიკა ცარიელია. გგონია წერას არ ვიწყებ? ვიწყებ, ვცდილობ, ვჯახირობ და მერე ისევ სხვა რამეზე ვერთვები. 

ჩემი დიდი ბებია ამბობდა თურმე ასე და მეც ავიტაცე ეს ფრაზა, რომელსაც ძალიან გულწრფელად გეტყვი ახლა. ზოგჯერ ძალიან მინდა ფიქრში მეხმარებოდე. ვგრძნობდე, რომ რაც ამ ცისფერ ბურთში ხდება, ღირს ამდენ ბრძოლად და ზაზუნასავით ერთ ბორბალზე სირბილად. ზოგჯერ უბრალოდ მინდა ვგრძნობდე, რომ წერილებს ყველაზე ზუსტი მისამართი აქვთ და რომ არ დაგვიწყებია ჩვენი შეთანხება. რომ არ გაბრაზდები ცარიელ საფოსტო ყუთებზე და არ-გამოგზავნილ მეილებზე. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ დინჯად ელოდები გამოდარებას, ასე მეტად მამაცი ვიქნები და არ შემეშინდება ცისფერი ბურთის გადარევის და უკუღმა ბრუნვის. გპირდები, არ შემეშინდება და წერილებსაც მოგწერ, მთავარია დავიჯერო, რომ ისევ ისე ელოდები, როგორც ადრე.

მიდი, მიდი, გაცურე!

22.11.2016

მეთვითონ ვიქნები საკუთარი თავის გამღვიძებელი, დილით ფანჯრების გამომღები და თასმებსაც  შევიკრავ მუხლზე დამდგარი, საგულდაგულოდ, უცებ სადმე რომ არ დავეცე. 

ყავასაც მეთვითონ დავისხამ და ბოლო ყლუპსაც ისე მოვსვამ, მხოლოდ მე გავიგებ როგორ ჩაიტანს ყელში დაგროვილ გაურკვეველ ხმებს, ქვემოთ, ძალიან ქვემოთ. 

წებოვან სტიკერებს გავიკრავ ლოგინის თავზე, შეძახილებით, გამამხნევებელი ფრაზებით და ძახილის ნიშნებით სავსეს და ძილს რომ დავაპირებ, საერთოდ არ შევიმჩნევ ნოემბრის წვიმას, გუშინ ღამით ოთახშიც რომ შემოაღწია. ნიშნების რომ არ მჯეროდეს,  ღია დამრჩათქო ვიფიქრებდი. თუმცა ფანჯარა საგულდაგულოდ დაკეტილი მქონდა, აქაური წვიმა იყო  ჩვეულებრივზე მეტად გადარეული უბრალოდ.

22.11.2016

გუმბათის ზედაპირს მზე თავზე რომ წამოადგება და მე ჩქარი ნაბიჯით უნივერსიტეტში მივდივარ, მინდა ტურისტივით ბრმად გავყვე ისარს, დავჯდე დუომოსთან და საერთოდ არ ვიფიქრო, როგორ ამოიკითხავს ჩემი შუახნის ლექტორი ჩემს სახელს საშინელი აქცენტით, იმიტომ რომ გვარს საერთოდ ვერ წარმოთქვამს. მინდა ვიჯდე ქვის კიბეზე და ძალიან შორს გავყვე ქრონოლოგიებს, საუკუნეებს, დროს, მივწვდე პიზანოების ტვინის ხვეულებს და ძალიან ბევრი ვიფიქრო ჩემს დიდ ლოგინზე თბილისში. ჰო, ზოგადად ძალიან კონტრასტული ფიქრები მახასიათებს, თან პიზანოების ხელმარჯვეობაზე ვფიქრობ და თან იმაზე, წამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე კორტასარის, დედაჩემის საყვარელი მოთხრობა რომ წავიკითხე ჩემს დიდ ლოგინში წამოწოლილმა, თან ცივ საზამთროს ვჭამდი და დუომოს წინ ჯდომაც სულ სხვანაირი წარმომედგინა. იმ უბის წიგნაკში იყო ჩემი დუომოს ისტორიაც, სტუდენტობაც, პირველი გასეირნება ქალაქში, პიაცაზე ჯდომა და უცხო ადამიანების გონებაში ბორიალი,  მათი მომდევნო მოქმედებების გამოცნობის აზარტული თამაშიც და ზოგადად ყველაფერი, რომელიც ახლა არ არსებულია. ასე უბრალოდ, არ არსებობს. არ არსებობენ უცხო და მიმზიდველი ადამიანები, არც მეტრო, არც მუხლით ხახუნი, არც მინაზე არეკლილი ურცხვი მზერა და არც აუცილებლად მოსახდენი ისტორიები. არაფერი არ არსებობს. 

აუდიტორიაში შევდივარ და ჩემი სნობი ლექტორი მჭახედ გამოსძახებს: “ილეეეენ” და მეც მორჩილად ვპასუხობ, “პრეზენტე”. მის ხმაში ნაგრძნობი ჩემი პრეზენცა და რეალურად ჩემი ბოლო მერხზე ჯდომა, ზედმეტად კარგად ერწყმის ერთმანეთს. ბოლოს წითელი მარკერით ვინ იცის მერამდენე X-ს სვამს ჩემი უგრძელესი გვარის გასწვრივ და პიზანოებზე ლაპარაკს იწყებს. პიზა, სიენა, საკურთხეველი, ღვთისმშობელი, ნაოჭი, კაბის კალთა, შარავანდედი, თვალის ჭრილი, ხელის მდებარეობა, მასალა, პერიოდი და ყრმა – რომელიც თითქმის ყველგან ერთნაირად გულუბრყვილოა, მერე რა, რომ ღმერთია.

23.11.2016

სოფელში ბაბუაჩემს თუჯის დიდი ქვაბი ჰქონდა. სახლის კუთხეში იდგა და როცა წვიმდა, წყლით ივსებოდა. გუშინ ბიბლიოთეკაში ჯდომისას, თავი იმ ქვაბივით ვიგრძენი. უცებ მოვარდნილი წვიმა რომ პირამდე აავსებს და მერე ერთი მოქნევით გადაღვრის ბალახში სახლის პატრონი. არც ისე კარგი შეგრძნება იყო. ბოლო წერტილი დავსვი და ფრთხილად ავიბარგე. საშინელებაა შეგრძნებებით სავსე ადგილები, იმ მაგიდასთან აღარ დავჯდები. ზედმეტი სევდაა ბალახისკენ დაპირქვავებულ ქვაბში და ამას რომ იგრძნობ, უკვე გვიანი იქნება, წყალი ჯერ ბალახს გადაუვლის და მერე კიდევ მეტად დაალბობს მიწას. 

25.11.2016

ზოგჯერ იმდენად მღლიდა ნაცრისფერი შენობები, შუქნიშნებთან და ქალაქის სევდასთან ბრძოლა, რომ უცხო ქალაქში უცხოდ ყოფნაზე ვოცნებობდი. არც ეს აღმოჩნდა ძალიან სასიამოვნო. არც ამას მოჰყვა ღრმა ამოსუნთქვა და აღარც ესაა ჩემი ოცნება, პირიქით. ყველაზე ხშირად კი მაინც იმაზე მეფიქრება, პირველი აფრენისას, ზურგჩანთიდან ამოცურებულ წერილში რომ წავიკითხე. ჰოდა ვფიქრობ, რომ (ერთ-ერთი) ყველაზე მნიშვნელოვანი ძღვენი ჩემი მშობლებისგან, არსებობის უფლების მონიჭების შემდეგ, პასუხისმგებლობაა. უფრო სწორად, პასუხისმგებლობის შეგრძნება. რა თქმა უნდა არც ისე მარტივი ამბავია, მაგრამ რა არის მარტივი, ეს რომ იყოს? არც არაფერი. 

25.11.2016 ისევ სიენა

ყველაფერს მივედ-მოვედე და მთავარი დამავიწყდა. პატარა მდინარის პირას დაბადებულს, გაცილებით დიდი სიმამაცე გჭირდება, დიდ მდინარეებში რომ გაცურო. ზოგჯერ ასე ზურგზე წოლაც ზედმეტად საჭიროა, მთავარია არ გაჩერდე, ხელები არ ჩამოუშვა, სინქრონი არ დაკარგო და დინებამ არ მოგატყუოს. ზოგჯერ მდინარეებიც სხვანაირად დიდდებიან, მაგრამ მთავარი, სულ, სულ სხვა რამეა. 

გემრიელი ლუკმა

​25.09.2016 თბილისი

მთელი ჩემი ცხოვრება ერთ ჩემოდანში ჩაეტია.


02.10.2016, სიენა

ავტობუსს ველოდებოდი კისერზე რამდენჯერმე რომ ვიგრძენი სისველე. წვიმდა. სადარბაზოში შემოვირბინე, არ დავსველებულვარ. კენკრის ჩაი გავიკეთე და ფანჯარასთან რომ მივედი, რაღაცნაირი, უსახელო და ძლიერი სევდა ვიგრძენი. 

როგორ ჟღერს, არა? იფიქრებდა ახლა კაცი, რა დროს სევდააო მაგრამ სულაც არ ნიშნავს სევდა ცუდად ყოფნას.

ან შეიძლება ნიშნავს კიდეც..

03.10.2016 სიენა


დღეს ქალაქში ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა, ზოგი სამსახურში მიდიოდა, ზოგი ბავშვს სკოლაში მიარბენინებდა, ზოგიც ოლიმპიური სიმშვიდით სვამდა ყავას და სამრეკლოს თავზე, აქა-იქ მიმოფანტულ ღრუბლების ნაფლეთებს გაჰყურებდა.

მე უნივერსიტეტში პირველი დღე მქონდა, პირველი ლექცია.

ამ არეულობაში, ტურისტები საერთოდ სხვა საქმეა.. ისე მეღიმება, ჭაღარა, გამომშრალ კანიან, ჭაობისფერთვალება ხანშიშესულ წყვილებს რომ ვუყურებ, რომლებსაც ძალიან, ძალიან ბევრი უნახავთ. ბევრი იმუშავეს, შეიყვარეს, ადამიანებს სიცოცხლე აჩუქეს, მერე სიყვარული, ოჯახი და ახლა, მუშაობისგან დაღლილები, წითელ აგურებიანი შენობებს შორის, ვიწრო ჩიხებში ხელჩაკიდებულები დადიან და არათითზე გაკეთებული ოქროს რგოლიც ისევ ისე ბრწყინავს, როგორც 45 წლის წინათ.

ტურისტები ძირითადად რუკით დადიან, მეც მიდევს რუკა ჩანთაში მაგრამ არ ვიყენებ, ვცდილობ დავიმახსოვრო ყველა შესახვევი, ასე უფრო მარტივი გახდება ცხოვრება.
ძალიან ლამაზია ჩემი უნივერსიტეტის ქუჩა, ოდესმე გადავიღებ და აუცილებლად გაჩვენებთ. 

მწვანე დარაბებიდან გადმოკიდულ ყვავილებს ყოველ დილით ერთი და იმავე დროს რწყავს ქალბატონი მარია-ტერეზა. ეს მე დავარქვი ასე, თორემ შეიძლება სულ სხვა რამე ჰქვია, არ ვიცნობ, თუმცა, თუ ვია რომას 47 მდე თავს მაღლა ავწევ, ყოველთვის ხელს მიქნევს და ტუჩების მოძრაობით ვხვდები „ჩაო, ბელლა!“ ს რომ ამბობს ძალიან გულწრფელად.

ამასობაში უნივერსიტეტში მოვედი, აუდიტორია უნდა მოვძებნო, არ მინდა პირველივე ლექციაზე დამაგვიანდეს.

ა პრესტო!
 

09.10.2016 სიენა


ხომ არის მომენტები, ყველაფერი რომ გაქვს ადამიანს, ან თითქმის ყველაფერი, რაც გინდოდა და მაინც რაღაც არ გასვენებს? 

ის მომენტია ახლა.

სახლში მარტო ვარ და ვეძებ მიზეზს, გასაბრაზებელს, საწყენს, სატირალს. წეღან ლამის იმაზე ამეტირა, ახალ ჩანთას ეტიკეტი რომ ვერ მოვხსენი მარტივად.

ზოგჯერ ისიც მგონია, რომ გავგიჟდი, რომ ჩემი თავი სადღაც თვითმფრინავის კაბინაში ჩაკეტილი დამრჩა და ახლა სრულიად სხვა ჩემს თავს ვეუბნები, რომ ოდესმე ყველაფერი სხვანაირად იქნება, მაგრამ სანამ ოდესმე დადგება, ცოტა ძნელია.

დღეს გარეთ გასვლა დავაპირე, მზე იყო, სანამ ყავა დავლიე (ძალიან უგემური) მზეც გადავიდა, ყველა შარვალი გასაშრობად მაქვს გაკიდული და არც ოქტომბრის სიცივისთვის ვარ მზად. ამიტომ სახლში დავრჩი.

რაღაცნაირი დღეა კვირა, ასე მგონია, ყველა ადამიანი თავის ბუნაგში, პიჟამოთი და ახლადგაღვიძებული თავით დაბოგინებს, ორშაბათზე ფიქრისგან ზარავთ და ისევ ლოგინს დაბრუნებულები საშინლად ოხრავენ-მეთქი. იმაზეც ვფიქრობ, რომ ამ დროს უარყოფითი ენერგიით სავსე ადამიანებიც სახლებში არიან და ეს ენერგია ფანჯრის ღრიჭოებიდან იპარება. ამიტომ არ მიყვარს დიდად კვირა, სულ ძილი მინდა, განსაკუთრებით აქ, ყველაფერი რომ დაკეტილია და ბოთლ ღვინოს წამლად ვერ იშოვი, ღვინის სამეფოში.

პარასკევს ბოლონიაში მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ წავედი და არც სახლიდან გავსულვარ მას მერე. რატომ არ წავედი არ ვიცი. ისეთი შეგრძნება მაქვს, ბავშვობაში ლამაზი და უშნო ხილის ან საჭმლის ჭამის დროს რომ მქონდა. გემრიელ ლუკმას სულ ბოლოსთვის ვინახავდი და თვალებდახუჭული ვჭამდი, გემო ბოლომდე რომ მეგრძნო.

ზუსტად ასეთია ჩემთვის ბოლონია, განსაკუთრებით ახლა..